თქვენი ტვირთი საბაჟოზეა. გადამზიდი, მძღოლი, საწყობი მოლოდინის რეჟიმში. თქვენ კი იღებთ შეტყობინებას — საქონელი საჭიროებს დეტალურ შემოწმებას, რადგან დეკლარირებული პროდუქტის კლასიფიკაცია კონტეინერის შიგთავსს არ ემთხვევა.
ორი დღე. ზოგჯერ ხუთი. ზოგჯერ კი ორი კვირა ან უფრო მეტიც.
ტვირთი, რომელიც სამშაბათს უნდა მიგეღოთ საწყობში, პრობლემად იქცევა და მიდი ტრანსპორტირება ბევრად უგრო მეტი გიჯდებათ ვიდრე ამას გეგმავდით — სასაწყობო ხარჯი, გაუთვალისწინებელი საბაჟო გადასახადი, შენელებული მიწოდების ჯაჭვი და ასე შემდეგ.
უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული დისკომფორტის მიზეზი არასწორად დაფიქსირებული HS კოდებია.
რა არის HS კოდი?
HS (სასაქონლო კოდი) არის პროდუქტების კლასიფიკაციის საერთაშორისოდ სტანდარტიზებული სისტემა. ის არსებობს იმისთვის, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში საბაჟო ორგანოებმა შეძლონ ტვირთის შიგთავსის ზუსტი იდენტიფიკაცია ყოველი ყუთის გახსნის გარეშე.
მაგალითისთვის განვიხილოთ შამპუნი, რომლის HS კოდი „330510“ მოიცავს შამპუნებს ზოგადი კატეგორიის სახით. ის აერთიანებს ასობით ბრენდის ათასობით განსხვავებულ პროდუქტს — ყველა მათგანი შამპუნია, თუმცა განსხვავებული ბრენდისა და წარმომავლობის. ყოველი შემდეგი ციფრის დამატება კი უფრო დეტალურ კლასიფიკაციას იძლევა. მაგალითად, სამკურნალო შამპუნს უფრო გაფართოებული კოდი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივს, რადგან მათზე შესაძლოა სხვადასხვა წესები და გადასახადები ვრცელდებოდეს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა პროდუქტს, რომელიც საზღვარს კვეთს, აქვს თავისი HS კოდი. ეს კოდი განსაზღვრავს გადასახადებს, ბაჟსა და რეგულაციებს, რომლებიც თქვენს იმპორტს ან ექსპორტს ეხება. როცა ინფორმაცია წესრიგშია, საბაჟო პროცედურებიც მარტივად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.
როგორ გამოიყურება რეალური დანახარჯი
სასაქონლო (HS) კოდების ზუსტი დიფერენციაცია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საბაჟო პროცედურების ფორმალობა — ეს ბიზნესის ფინანსური ოპტიმიზაციის ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტია. როდესაც კოდი იდეალურად ერგება პროდუქტს, პროცესი არა მხოლოდ შეუფერხებლად მიმდინარეობს, არამედ კომპანია სრულად იყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეღავათებს. მაგალითად, 3 წლამდე ბავშვთა პროდუქციის ნაწილის გათავისუფლება იმპორტისა და დღგ-ს გადასახადებისგან ქმნის დიდ უპირატესობას და პირდაპირ განაპირობებს პროდუქტის კონკურენტუნარიან ფასწარმოქმნას.
როგორ მოვიძიოთ სწორი HS კოდი?
დაიწყეთ მომწოდებლით: მწარმოებლებმა, რომლებიც რეგულარულად ახდენენ ექსპორტს, ზუსტად იციან საკუთარი პროდუქტის HS კოდები და შეუძლიათ მათი მითითება კომერციულ ინვოისში ან შეფუთვის სივრცეში.
გამოიყენეთ საბაჟო მონაცემთა ბაზა: თუ მომწოდებელი ვერ გეხმარებათ, ისარგებლეთ თქვენი ქვეყნის ოფიციალური საბაჟო ტარიფების ბაზით — უმეტეს ქვეყნებში საბაჟო უწყებებს ონლაინ საძიებო სისტემები აქვთ. აღწერეთ პროდუქტი ზუსტად: რისგან არის დამზადებული, რისთვის არის განკუთვნილი და როგორ გამოიყენება.
ჰკითხეთ თქვენს გადამზიდავს: გამოცდილ გადამზიდავებს ხშირად უწევთ ტვირთების კლასიფიკაცია და შეუძლიათ სწორი კოდის პოვნაში დახმარება, ხოლო რთული პროდუქტების შემთხვევაში — საბაჟო ბროკერთან გადამისამართება.
მთავარი წესი: არასდროს გამოიცნოთ კოდი ზედაპირულად. კეთილი განზრახვით მცდარად შევსებული კოდი მაინც არასწორ კოდ რჩება.
HS კოდები ვიაგოზე
როდესაც ვიაგო პლატფორმაში ტვირთის დეტალებს შეავსებთ, დაინახავთ HS კოდების ველს. შეიყვანეთ თითოეული კოდი ცალ-ცალკე — გამოიყენეთ მძიმე ან დააჭირეთ Enter კოდებს შორის. მაგალითად: 330510, 847130, 610910.
რაც უფრო ზუსტია თქვენი HS კოდები, მით უფრო ზუსტ შეთავაზებებს მიიღებთ. ზოგიერთი გადამზიდი სპეციალიზირებულია კონკრეტულ პროდუქტის კატეგორიებში — თქვენი HS კოდი ეხმარება მათ პროდუქტის ზუსტ შეფასებაში და შეთავაზების გაკეთებაში, რომელიც თქვენი ტვირთის რეალურ მოთხოვნებს ასახავს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ველი სავალდებულო არ არის შეთავაზების მოთხოვნისას, მისი შევსება როგორც თქვენთვის, ისე სატრანსპორტო კომპანიისთვის ბევრად მკაფიო სურათს იძლევა.


